ნახევრად ცარიელ ციხეებში უცხოელი პატიმრების მიზიდვა ესტონეთს წელიწადში, მინიმუმ, 30 მლნ ევროს შემოსავალს მოუტანს.
ინფორმაციას ERR ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესტონეთი ევროკავშირის იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და, შესაბამისად, ესტონეთის ციხეებში საკნების ნახევარი ცარიელია.
ესტონეთში სამი ახალი ციხე 3,000 პატიმარზე არის გათვლილი, ხოლო ტალინის ძველი ციხე არ ფუნქციონირებს.
იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას ციხეების მართვის ოპტიმიზაციისა და მათი შენახვის ხარჯების შემცირების შესახებ წინადადებების პაკეტი წარუდგინა. უწყება სამ ვარიანტს, კერძოდ, ციხეების გაყიდვას, კონსერვაციას ან იჯარით გაცემას განიხილავს. გაყიდვა წამგებიანად იქნა აღიარებული, რადგან ეს რთული პროცესია და თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს, ხოლო კონსერვაცია წელიწადში 10 მლნ ევრო ჯდება.
ამდენად, სამინისტრო ციხეებში ადგილების გაქირავებას ემხრობა.
„ციხეში ადგილების გაქირავებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს სამუშაოს მიღებას საკმაოდ ნორმალური ხელფასით და მთელ რიგ საკითხებს მოვაგვარებთ, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტს უკავშირდება,“ - აცხადებს იუსტიციისა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი, ლიისა-ლი პაკოსტა.
მინისტრის თქმით, ესტონეთს ციხეების შენარჩუნება იმიტომაც სურს, რომ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში იქ რუსი სამხედრო ტყვეები ესტონელ პატიმრებში გასაცვლელად ჰყავდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ