ურბანიზაციის შედეგი - გადამუშავებული კარტოფილის პროდუქციაზე მსოფლიო მოთხოვნა იზრდება

კარტოფილის ბაზარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არსებული 115.74 მლრდ დოლარიდან 2029 წლისთვის 137.46 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Mordor Intelligence “კარტოფილის ბაზრის ოდენობის 2024-2029 წლების ანგარიშში” პროგნოზირებს, რასაც AgroExpert ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ასეთი პროგნოზი გლობალურ სასურსათო ეკონომიკაში კარტოფილის, როგორც ძირითადი საკვები პროდუქტის როლსა და მზარდ მნიშვნელობას ხაზს უსვამს. კარტოფილი, ბრინჯისა და ხორბლის შემდეგ, მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა მსოფლიოში. მოსავლის ადაპტაცია სხვადასხვა კლიმატურ პირობებთან, შენახვის სიმარტივე და მაღალი კვებითი ღირებულება მას შეუცვლელ სასურსათო წყაროდ, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში აქცევს, სადაც სურსათის უსაფრთხოება აქტუალური პრობლემაა.

Mordor Intelligence-ის მონაცემებით, კარტოფილის გლობალური ბაზარი 4,000-ზე მეტი საკვები ჯიშისგან შედგება, რომელთა უმეტესობა სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ. ახალი სახით მსოფლიოში მოყვანილი კარტოფილის 50%-ზე ნაკლებს მოიხმარენ, ხოლო უმეტესობა სხვადასხვა საკვებ პროდუქტად გადამუშავდება, როგორიც არის გაყინული კარტოფილი ფრი, კარტოფილის ჩიფსები, ფქვილი და სახამებელი.

ეს ტენდენცია, განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც ბაზარზე გადამუშავებული კარტოფილის პროდუქცია დომინირებს. მაგალითად, აშშ-ში 2020 წელს გადამუშავებულმა კარტოფილმა 14 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო მხოლოდ გაყინულ ფრისა და სხვა გაყინულ პროდუქტში 8,6 მლნ ტონა უმი კარტოფილი დაიხარჯა. კარტოფილის სნეკებზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია, რომლის წლიური გაყიდვები 4,8 მლრდ დოლარს აჭარბებს.

კარტოფილის მსოფლიო წარმოებაში ჩინეთი ლიდერობს, სადაც წარმოება 2019 წლის 75.7 მლნ ტონადან 2020 წელს 78.2 მლნ ტონაზე მეტად გაიზარდა. ქვეყანაში ახალი კარტოფილის უმეტესობას სუფრისთვის იყენებენ. კერძოდ, პროდუქტის 60%-ს ახალი სახით ოჯახებსა და რესტორნებში მოიხმარენ. თუმცა სწრაფი ურბანიზაციის გამო იზრდება მოსახლეობა, ამ კატეგორიას კი უფრო დასავლური სამზარეულო იზიდავს და კარტოფილის გადამუშავებული პროდუქტებისკენ არის მიდრეკილი.

მსოფლიოში კარტოფილის სიდიდით მეორე მწარმოებელი ინდოეთია, სადაც წარმოება 2020 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. ეს ქვეყანაში კარტოფილის მოხმარების ზრდის პირდაპირპროპორციულია. ინდოეთში მზა საკვებზე, მათ შორის, გაყინული კარტოფილის ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნის ზრდას ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ შეუწყო ხელი.

ევროპა ერთ სულ მოსახლეზე კარტოფილის მაღალი მოხმარებით არის ცნობილი და რეგიონი მნიშვნელოვან ბაზრად რჩება. კარტოფილის მოხმარების დონე, განსაკუთრებით, მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინა და ბელარუსია.

პროგნოზის თანახმად, მაღალი მოთხოვნა როგორც ახალ, ისე გადამუშავებულ კარტოფილზე შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს ისეთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, როგორიც გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია.

Mordor Intelligence-ის დასკვნით, გადამუშავებულ პროდუქციაზე გლობალური მოთხოვნის ზრდის შედეგად კარტოფილის ბაზარი მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის კვების უზრუნველყოფაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ