წინანდლის ფესტივალის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ორგანიზატორებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. წლევანდელ სეზონზე მსმენელი განსაკუთრებულ ვარსკვლავთა შემადგენლობას იხილავს. ფესტივალის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად 4 კონცერტს გამართავს. ორკესტრის მხარდამჭერმა საელჩოების წარმომადგენლებმა და ფესტივალის დამფუძნებლებმა წლევანდელი სეზონის შესახებ ისაუბრეს.

გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი: „მოხარული ვარ რომ ისტორია გრძელდება. მაისში წინანდალმა „ევროპაკონცერტს“ უმასპინძლა და დღეს წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი იხსნება. მაესტრო ნოზედას, ავი შოშანის, მარტინ ენგსტრომის ხელმძღვანელობით წელს განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა და მათთან ერთად სცენაზე, რა თქმა უნდა, ვიხილავთ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს. წინანდალში, კახეთში, ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს.“

ავი შოშანი - ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი: „მუსიკა გახლავთ საერთაშორისო ენა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერები. ბევრ ფესტივალს არ შეუძლია შეინარჩუნოს უმაღლესი დონე. წინანდლის ფესტივალს კი უკვე მეექვსე წელია საერთაშორისო რუკაზე გამორჩეული ადგილი უკავია. აქ მთელი მსოფლიოდან სიამოვნებით ჩამოდიან უმაღლესი დონის არტისტები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები“.

წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და 17 დაუვიწყარ, დღის და საღამოს კონცერტს წარუდგენს მსმენელს.

დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი: „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა გარეშე გაგვიჭირდებოდა ფესტივალის ჩატარება. განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის დამფუძნებელსა და წარმდგენს კომპანია სილქნეტს. წინანდლის ოჯახი იზრდება, მეგობრები გვემატება. გაფართოვდა პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი და წელს შვიდი ქვეყნიდან ახალგაზრდა მუსიკოსები გააერთიანა. ეს შესაძლებელი გახდა კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის.“

ფესტივალს სახელოვანი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.