დღეიდან მოტოციკლეტებსა და მოპედებს ე.წ ბასლაინზე გადაადგილების უფლება ექნება. შესაბამისი საკითხი მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
საკითხის ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაშია“. ინიციატორების განცხადებით, ცვლილება გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობას და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას.
ამის საპირისპიროდ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავდა, რომ ცვლილებები რისკის შემცველია და მოტოციკლებსა და მოპედებთან საგზაო შემთხვევების რისკებს გაზრდის.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.
ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო- სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად.