რამდენს შეადგენს პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია - საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს.

სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარაოლიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია.

სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით არის ისრაელი - 273 000 აშშ დოლარით, ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი შესაბამისად 230 000 და 192 000 აშშ დოლარით.

პარიზი პარაოლიმპიურ თამაშებს 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მასპინძლობს. პარაოლიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.