„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბირთვისთან დაკავშირებით - ჩვენთვის მიუღებელია პროცესში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონის უგულველყოფა

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ყველა იმ პროექტს, რომელიც ბუნებრივ თუ კულტურის უძრავ ძეგლებს ტურისტულად უფრო მიმზიდველს ხდის - თუმცა, ბირთვისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონს არღვევს,- ასე ეხმაურება ორგანიზაცია „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბირთვისში, ტურისტულ ზონაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

მათი ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, რითაც „ირღვევა საქართველოს კანონი“ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ადგილზე მიმდინარეობს უკანონოდ შეიძლება ჩაითვალოს”

„გვინდა გამოვეხმაუროთ 26 აგვისტოს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციას, ალგეთის ტყე პარკში - ბირთვისის ბუნებრივ ძეგლზე ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს XI საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ციხე-აუღებელი“- ბირთვისი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე იგეგმება: დაკიდებული ხიდების, საფეხმავლო ბილიკების, კლდეზე საცოცი ატრაქციის, საქანელების, კოტეჯების და საკვები ობიექტის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს.

განცხადებით, ასევე ცნობილი ხდება, რომ 2021 წლის 8 აპრილს ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ნაწილი - 198 009 კვ.მ 45 წლიანი იჯარით გადაეცა კომპანია „ეკოტურისტს“, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ყველა იმ პროექტს, რომელიც ბუნებრივ თუ კულტურის უძრავ ძეგლებს ტურისტულად უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა, ჩვენთვის, კატეგორიულად მიუღებელია პროცესში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით „უძრავი ძეგლის ტერიტორია არის უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია“.

ვინაიდან, ბირთვისის ციხის ტერიტორიას, როგორც ბირთვისის ბუნების ძეგლს გააჩნია საკადასტრო ნომერი - 84.03.32.000.071, შესაბამისად, აღნიშნულ საკადასტრო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ტერიტორიას. ამდენად, ამ მიწის ნაკვეთზე წარმოებული ნებისმიერი სამუშაოები ამავე კანონით განიმარტება როგორც ძეგლზე სამუშაოები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „ძეგლზე სამუშაოების ჩატარების მეთოდოლოგია და წესი დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით“.

ზემოხსენებული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, რომელსაც გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო). ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.

ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ასეთი ნებართვა არ გაუცია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ირღვევა საქართველოს კანონი“ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ადგილზე მიმდინარეობს შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ.

მივმართავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განმარტოს:

ვინაიდან ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორია ამავე დროს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია, იყო თუ არა ინფორმირებული სააგენტო აღნიშნული ტერიტორიის იჯარით კერძო კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე?

ბირთვისის ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს აქვს თუ არა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვა?

პროექტში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი რეაგირებისკენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.