საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 91.5% უზრუნველყოფილია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ამავე მონაცემების მიხედვით, ინტერნეტით საქალაქო დასახლებებში 94.5%, ხოლო სასოფლო დასახლებებში 87.5%-ია უზრუნველყოფილი.
რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 97.8 და 95.8 პროცენტი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8%-მა, რაც 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 89.2 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 77.7%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 85.1%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 84.5%-ს შეადგენს.
ამასთანავე, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6%. კერძოდ, კომპიუტერით საქალაქო დასახლებებში 66.2%, ხოლო სასოფლო დასახლებებში 45.8% სარგებლობს.