„რაც კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია მაგის ნახევარიც არ არის დამუშავებული“,- ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა bpn-თან ხილ-ბოსტნეულის ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულის ექსპორტს იმპორტი 7.5-ჯერ აღემატება. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 5.766 მლნ დოლარის ღირებულების ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები გავიდა, ხოლო, იმპორტით 43.817 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, პომიდორი არის ბოსტნეულის ის სახეობა, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ და ასევე ვიყიდეთ კიდეც.
ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ იმპორტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლების რესურსი არსებობს, თუმცა სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხილისა და ბოსტნეულის წარმოება განვითარდეს.
„ამის მიზეზი არის ის, რომ სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი, კერძოდ კი, ბოსტნეულის და ხილის მიმართულება არის ძალიან სუსტი. სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პირველ რიგში, იმპორტი ჩანაცვლდეს და შემდეგ ექსპორტზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ ამის რესურსები გვაქვს, მაგრამ გამოუყენებელია. რაც კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია მაგის ნახევარიც არ არის დამუშავებული. აქედან გამომდინარე, შედეგი სახეზეა. ჩვენ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ და გაგვაქვს ექსპორტზე. ამიტომ, ეს ყველაფერი ექსპორტ იმპორტის ბალანსზე პირდაპირ აისახება“,- განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
იხილეთ ასევე: ბოსტნეულის იმპორტი ექსპორტს 7.5-ჯერ აღემატება - რას ვყიდით და ვყიდულობთ