იტალიაში ტურისტული გადასახადი შესაძლოა, 25 ევრომდე გაიზარდოს

იტალიის ხელისუფლება ზაფხულში ტურისტების მეტად დიდი ნაკადის გამო მოგზაურთათვის ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს.

ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ამჟამად ქვეყანაში ტურისტულ გადასახადს, როგორც უცხოელი, ასევე, იტალიელი ტურისტები იხდიან, რომლის ოდენობაც 1-დან 5 ევრომდე მერყეობს. ეს ერთ ადამიანზე სასტუმროში ან ჰოსტელში ერთი ღამის გადასახადია, რაც იმ ლოკაციის ვარსკვლავების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, სადაც ტურისტი გაჩერდა.

გადასახადი შესაძლოა, ღამეში 5 ევრომდე გაიზარდოს იმ სტუმრებისთვის, რომლებიც 100 ევროზე ნაკლები ღირებულების ნომრებში გაჩერდებიან. 100-დან 400-ევროიან ნომრებში ტურისტები დამატებით 10 ევრომდე, ხოლო 400-750 ევროს ღიებულების ნომრებში 15 ევრომდე გადაიხდიან. 750 ევროზე მეტი ღიებულების ნომრებში ღამისთევა დამატებით 25 ევრომდე ეღირება.

ცნობისთვის: ზაფხულის დასაწყისში ვენეციის ხელისუფლებამ, ქალაქის შესანარჩუნებლად ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 აგვისტოდან ქალაქში შესული ტურისტული ჯგუფების რაოდენობა 25 ადამიანამდე შეეზღუდა. ამასთან, გიდებს ტურებზე დინამიკების გამოყენება აეკრძალათ. ასევე, ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივი დროით 8:30-დან 16:00 საათამდე ვენეციაში ვიზიტისთვის 5 ევროს ოდენობის გადასახადი დაიტესტა. საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმები 50-დან 300 ევრომდე მერყეობდა. ექსპერიმენტი ივლისში დასრულდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ