საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტით პროდუქცია და მომსახურება მოსახლეობის თითქმის მესამედმა იყიდა.
საქსტატის გამოკვლევის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 31.3%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება.
„აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 37.3 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 19.9 პროცენტი“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, ინტერნეტის მომხმარებელი ქალები უფრო ხშირად ახორციელებენ ონლაინ შენაძენს, ვიდრე კაცები.
„სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.4 პროცენტს, კაცებისათვის კი 29.9 პროცენტს შეადგენს.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 48.4 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 32.5 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 11.4 პროცენტია“, - აღნიშნულია საქსტატის სტატისტიკაში.