უკრაინაში სატვირთო ავტომობილების მართვაზე ქალი მძღოლების გადამზადებისა და დასაქმების საპილოტე პროექტი იწყება. ამის შესახებ სათემო, ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც “ლიგაბიზნესინფორმი” ავრცელებს
სამინისტროს ცნობით, ინიციატივა ტრანსპორტირების სექტორში კადრების დეფიციტის შევსებას ითვალისწინებს.
საწყის ეტაპზე პროექტის გეოგრაფია ოთხ ქალაქს, კიევს, ტერნოპილს, რივნესა და ხმელნიცკის მოიცავს.
საპილოტე პროექტი სამინისტროს ინიციატივითა და USAID-ის პროგრამა “უკრაინის კონკურენტუნარიანი ეკონომიკის” მხარდაჭერით ხორცილედება.
პროექტის მონაწილეებს სთავაზობენ:
შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმა 26 სექტემბრამდე შესაბამის ვებგვერდზე უნდა შეავსონ და პროექტის გუნდთან გასაუბრება გაიარონ.
ინიციატივის ფარგლებში 100 ქალი მძღოლის გადამზადება იგეგმება, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელ კვალიფიკაციასა და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას მიიღებენ. 80 კურსდამთავრებულს დასაქმებას უკვე ჰპირდებიან.
სამინისტროს ცნობით, მინიმუმ, 10-მა გადამზიდავმა კომპანიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას და სატვირთო ავტომობილების მძღოლ ქალებს სამუშაო შესთავაზოს.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო კერძო საწარმოებში სატვირთო ავტომობილების მძღოლების დეფიციტი, დაახლოებით, 30%-ს აღწევს. ასევე, მიმდინარე წლის ივლისში უკრაინაში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებად ქალების გადამზადების საპილოტე პროექტი დაიწყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ