რასა იუკნევიჩიანე - ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ - ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მმართველი ძალის დღევანდელ რიტორიკასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის განმარტებით, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული არ გახდება საქართველოს „სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში“.

“ეს საკითხი ჩემთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ მესმის. მაგრამ მეორე მხრივ, იგივე შეგრძნება მქონდა თავიდანვე, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა - მას საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ. სწორედ ამიტომ ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება თქვენი სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში”,- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები “რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას”.

“გადაწყვეტილება მოლაპარაკების გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ მიუღია. ევროკავშირმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“. საქართველო მოწინავე იყო გარკვეული პერიოდის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, საქართველო ჩამორჩება. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების სიმამაცის წყალობით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხის გააქტიურება, ეს არ მოხდა საქართველოს გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს არის მიზეზი, რის გამოც მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას. ეს უკიდურეს მნიშვნელობას ატარებს და ჩვენ ევროპელებმა, მათ, ვინც ვართ ევროკავშირში, თქვენს ქვეყანას დახმარება უნდა გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამას ქართველები აკეთებენ. ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან”,- აღნიშნავს რასა იუკნევიჩიანე.

გარდა ამისა, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ამჟამად, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ისტორიის სწორ მხარეს დარჩენაა.

მისივე თქმით, მას უჭირს გაუგოს იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ მათ, ვინც “ღიად ანტიევროპულები არიან და რუსეთის სიმპატიზირებას ახდენენ”.

“მთავარი გამოწვევა სწორი გზის არჩევა და ისტორიის სწორ მხარეს დარჩენაა. სწორედ ამაზე იქნება მომავალი არჩევნებიც. აქედან გამომდინარე, მე მიჭირს იმ ადამიანების გაგება, რომლებიც ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, რომ ევროატლანტიკურ მომავალს უჭერენ მხარს და მეორე მხრივ, ხმას აძლევენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად ანტიევროპულები, ღიად ანტიდასავლურები არიან და რუსეთის სიმპატიზირებას ახდენენ. ეს ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”,- განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.