საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30-მა სტაჟიორმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ წარჩინებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს, შესაბამის პოზიციებზე დანიშვნა მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორებმა თეორიული სწავლება, პირველი სამი თვის განმავლობაში, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით უკვე წლებია ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს.
სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს სისტემატურად ატარებენ. საგანმანათლებლო სივრცეებში ახალგაზრდებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე საუბარი უწყების საქმიანობის მიზნებს, ამოცანებსა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკას ეხება. სამსახურის ხელმძღვანელი პირები მათ ესაუბრებიან თუ რა მნიშვნელობა ენიჭება სტაჟირების პროგრამას პროფესიული ცოდნის მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების პერსპექტივაში.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება ყოველწლიურად ზრდის უწყების საქმიანობის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.