„ყოველ წელს ერთი და იგივე მიმართულებების სუბსიდირება მიმდინარეობს და შედეგი მაინც ერთია“

მთავრობა სასათბურე მეურნეობებისა და სარწყავი წყლით მოსარგებლე ფერმერებისთვის ახალ პროგრამებს იწყებს. შესაბამის დადგენილებებში ვკითხულობთ, რომ პროექტის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, პროექტის ამოცანაა ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.

რაც შეეხება ირიგაციით (სარწყავი წყლით) უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთების მფლობელი ფერმერებისთვის განკუთვნილ პროგრამას, ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება ჯამურად განისაზღვრება არაუმეტეს 30 000 ლარით. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელსაც ფერმერები უნდა აკმაყოფილებდნენ.

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილ bpn-თან ამბობს, რომ „სამინისტროს თანამშრომლებმა რაც არ უნდა მოიფიქრონ, ნებისმიერი მიმართულებით, კერძო სექტორზე უკეთესად ვერ განსაზღვრავენ რას საჭიროებს ბიზნესი“.

მისი თქმით, ყოველ წელს ერთი და იგივე მიმართულებების სუბსიდირება მიმდინარეობს და შედეგი მაინც ერთია.

„სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ნებისმიერი პროექტი იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, რა თქმა უნდა, კარგია და მისასალმებელია. უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებად ქცეული. ეს უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე გათვლილი და პროფესიონალურად დამუშავებული საკითხი, რათა სუბსიდია და ის თანხები, რომელიც იქნება პროექტის ფარგლებში იქნება გამოყოფილი, შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს უნდა იყოს მრავალწლიან შედეგზე ორიენტირებული და არა ისე, ყოველ წელს ერთი და იგივე მიმართულებების სუბსიდირება მიმდინარეობს და შედეგი მაინც ერთია.

აქ უნდა იყვნენ ჩართული როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისე დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. იმიტომ, რომ ქვეყნის გარეთ ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცილება არსებობს და ეს რომ არ გამოვიყენოთ, დანაშაულის ტოლფასი იქნება. სამინისტროს თანამშრომლებმა რაც არ უნდა მოიფიქრონ, ნებისმიერი მიმართულებით, კერძო სექტორზე უკეთესად ვერ განსაზღვრავენ რას საჭიროებს ბიზნესი. ამიტომ, ეს უნდა წყდებოდეს პროფესიონალების ჩართულობით და ასე უნდა ამუშავდეს ნებისმიერი პროექტი, თუ გვინდა, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს“,- ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ნინი ქეთელაური