ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსებს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე გაირეგებებს მთლიანად უკრძალავს.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრ ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.
დოკუმენტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება.
მინისტრის თქმით, კანონი გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთა ქვეყანამ „სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დაარღვია და შესაძლოა, ფინეთის უსაფრთხოებას ემუქრებოდეს.“ აკრძალვა, ასევე, გავრცელდება იურიდიულ პირებზე, რომელთა დომიცილიც (იურიდიული მისამართი) ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ან ამ სახელმწიფოს მოქალაქის თუ ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენენ.” თუმცა, დოკუმენტში რუსეთი პირდაპირ ნახსენები არ არის.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფინეთის მთავრობა აქტივების „უფრო ეფექტურ“ ექსპროპრიაციასა და ზედამხედველობას განიხილავს. ეს შეეხება იმ აქტივებს, „რომლებსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილური მომარაგებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.“
Bloomberg-ის თანახმად, ბოლო წლებში ფინეთში ჩნდებოდა ცნობები უძრავი ქონების საეჭვო გარიგებების შესახებ, რომელთაგან ზოგი ობიექტი კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარეობს. ანტი ჰაკანენის თქმით, ასეთი გარიგებები „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ პრობლემური აღმოჩნდა, ამიტომ ფინეთის მთავრობას რუსებისთვის უძრავი ქონების გარიგებების აკრძალვა ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში სურდა. მინისტრი ამბობს, რომ რუსებისთვის უკვე გაყიდულ უძრავ ქონებაზე გამოძიება ჩატარდება.
ცნობისთვის: 2023 წლის დასაწყისში ფინეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების ნიშნით უძრავი ქონების გარიგებების შესაჩერებლად უფრო დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს. დოკუმენტი, კერძოდ, მოითხოვს, რომ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე გარიგებების გაფორმებისას ისინი ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ლიცენზიას უნდა ფლობდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ