როგორი იქნება ინფრასტრუქტურა, რომლის მოწყობაც ბირთვისის ციხესთან იგეგმება (+ფოტო)

ბირთვისის ციხისა და კანიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგად, სააგენტოსა და შპს ,,ეკოტურს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლება 45 წლით გადაეცა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს) დაკიდებულ ხიდებს (არანაკლებ 2 ერთეული), საფეხმავლო ბილიკებს (არანაკლებ 3 კმ.), საქანელას, კედელზე საცოც ატრაქციას, კოტეჯებს (არანაკლებ 4 ერთეული) და კვების ობიექტს, 3 წლის ვადაში უნდა მოეწყოს.

ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, ტბისიდან ბირთვისის ციხისკენ მიმავალ მარშრუტს არ ეხება.

მათი ცნობით, ახალი ბილიკების მოწესრიგება დაიწყო სოფელი ამლევიდან. სწორედ ამლევის მიმდებარედ უნდა უზრუნველყოს კომპანია „ეკო ტურმა“ ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.

bilikebi-1725349300.jpg

„ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მიზნად ისახავს, ვიზიტორებმა შეძლონ უსაფრთხოდ, მარტივად და კომფორტულად იმოგზაურონ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე და სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუმრისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუ აქამდე ტერიტორია იზიდავდა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულებს, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზრდება და სხვადასხვა ასაკისა თუ ინტერესის მქონე აუდიტორიას მოიცავს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აღნიშნავს, რომ ბირთვისის კანიონზე მიმდინარე პროექტი იმდენად მცირე მასშტაბისაა კანონმდებლობის თანახმად არ საჭიროებს შეფასებას. მიუხედავად ამისა, კომპანიის ინიციატივით, მომზადებულია ბირთვისის ბუნების ძეგლზე ზემოქმედების შეფასება, სადაც გაანალიზებულია პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება და წარმოდგენილია შემარბილებელი ღონისძიებები და რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უარყოფითი ზეგავლენა დაცულ ტერიტორიაზე,“- აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

birtvisis-renderebi-09-3-1725349344.png

birtvisis-renderebi-09-4-1725349356.png

birtvisis-renderebi-09-5-1725349373.png

birtvisis-renderebi-09-6-1725349387.png

birtvisis-renderebi-09-1-1725349316.png

birtvisis-renderebi-09-2-1725349330.png

birtvisis-renderebi-09-7-1725349403.png

birtvisis-renderebi-09-8-1725349418.png

birtvisis-renderebi-09-9-1725349430.png

იხილეთ ასევე: დაკიდული ხიდები, კოტეჯები - რა ეტაპზეა ბირთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები?

ეკა დარჩიაშვილი