ხორვატიამ აზერბაიჯანული გაზის მიმღები ქვეყნების ათეული დახურა, რომელშიც საქართველოცაა

ხორვატია მეათე ქვეყანა გახდა, რომელმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისგან გაზი მიიღო.

ინფორმაციას SOCAR-ის პრესსამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ხორვატიისთვის გაზის მიწოდება 1-ელ სექტემბერს დაიწყო, ხოლო მიწოდება კომპანია PPD-ისა და MET Group-ის დახმარებით ხდება.

„ამდენად, თურქეთთან, საქართველოსთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან, სერბეთთან და სლოვენიასთან ერთად, ხორვატია გახდა მეათე ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანული გაზი მიიღო,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, კომპანია ხორვატიისთვის მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობას არ აკონკრეტებს.

SOCAR-ის განცხადებით, აზერბაიჯანსა და ხორვატიას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოება „კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება, რაც ევროპის შიდა ბაზრებისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართ SOCAR-ის ერთგულებას ადასტურებს.“

ცნობისთვის: 2024 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის მიწოდებაზე უკრაინა მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან მართავს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ უკრაინამ და ევროკავშირმა აზერბაიჯანს წინადადებით მიმართეს, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ უზრუნველყოს, რაც 2024 წლის ბოლოს უკრაინის გავლით რუსეთთან არსებულ სატრანზიტო კონტრაქტს ვადა გაუვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ