„საჯარო შესყიდვების“ ახალი კანონის ამოქმედება შესაძლოა, 2 წლით გადავადდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
კერძოდ, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საჯარო შესყიდვების კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2025 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 2027 წლის 1-ლი იანვარია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონი, პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა და ამოქმედების თარიღად კი 2025 წლის 1-ლი იანვარი იყო განსაზღვრული.
ცნობისთვის, შესყიდვების ახალი კანონის თანახმად, საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებარონ. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათას ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების კომიტეტის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან, ახალი კანონით, ფართოვდება შავ სიაში მიმწოდებლის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და ვადები; შემოდის და რეგულირდება ქვეკონტრაქტორების ცნება და ა.შ.