მიმდინარე წლის ივლისში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე 13 მონაწილე იყო რეგისტრირებული, - ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ივლისის ვაჭრობის შეფასებაში ვკითხულობთ.
დოკუმენტის თანახმად, დღით ადრე ბაზარზე პირველი ვაჭრობა 24 ივლისს შედგა. ამ თვეში ჯამურად ნავაჭრი რაოდენობა 11 624.6 მგვტ.სთ-ს შეადგენდა, ხოლო საშუალო შეწონილი ფასი 126.44 ლარი/მგვტ.სთ იყო.
დღიურად, ყველაზე მეტი ელექტროენერგიის ვაჭრობა 25 ივლისს განხორციელდა, ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ კი 2 600.6 მგვტ/სთ. შეადგინა. ბირჟის ცნობით, ელექტროენერგიის მყიდველებმა 2600.6 მგვტ.სთ დენის შესყიდვით 340 000 ლარი დაზოგეს.
„საბალანსო ელექტროენერგიის საბალანსო ფასმა ივლისის თვისთვის შეადგინა 156.2 ლარი/მგვტ.სთ (15.62 თეთრი/კვტ.სთ). თუ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შევადარებთ, ელექტროენერგიის მყიდველებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ბირჟაზე შესყიდვა. თუ შეფასებისთვის შევადარებთ საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და ბირჟაზე ჩამოყალიბებულ საშუალო შეწონილ ფასს, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 2600.6 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს 340 000 ლარი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება მოთხოვნას, ივლისის პირველი სამი კვირის განმავლობაში, ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. ამასთან, 24 ივლისის მიწოდების დღიდან შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა და მიწოდებაც, რაც, ენერგეტიკული ბირჟის განმარტებით, ბაზრის არსებულ, გადამავალ მოდელში ორმხრივი ხელშეკრულებებით ვაჭრობის სპეციფიკით შესაძლოა, აიხსნას.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის პირველმა ბირჟამ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდულად გახსნა დაიწყო. ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.
ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.
ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 15 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 11 შპს და 4 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.