საქართველოში პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგური შენდება. პროექტს Green Energy ახორციელებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის დამფუძნებელი დავით შვანგირაძე აღნიშნავს, ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 2.3 მგვტ. იქნება და „ენერგო პროს“ ქსელზე მიერთდება. გამომუშავებულ ენერგიას კი, Green Energy-ის მიერ დაარსებული კომპანია „და-ტენე“ შეიძენს, რომელიც ელექტრომობილის სწრაფ დამტენებს დაამონტაჟებს და შეძენილ ენერგიას გამოიყენებს.
„მზის ელექტროსადგურისთვის პროდუქცია უკვე საქართველოშია. მზის პანელების დადგმული სიმძლავრე 2.3 მგვტ იქნება, „ენერგო პროს“ ქსელზე მიერთება გვექნება 2 მგვტ-ზე. ეს იქნება პირველი ინდუსტრიული პროექტი საქართველოში, რომელიც ნეტოზე არ იქნება და ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება,“ - აღნიშნა შვანგირაძემ.
მისივე განცხადებით, მზის ელექტროსადგურის პროექტში განსახორციელებელი ინვესტიცია დღგ-ს გარეშე, 850 ათას დოლარს შეადგენს. შვანგირაძის თქმით, „და-ტენეს“ ელექტროენერგიის მოხმარება მოცულობითი იქნება, შესაბამისად, სამომავლოდ მზის ინდუსტრიული ელექტროსადგური შესაძლოა, გაფართოვდეს.
„და-ტენეს“ ელექტროენერგიის მოხმარება დიდი იქნება, აქედან გამომდინარე, დავამატებთ რამდენიმე ანალოგიურ მზის სადგურს, რათა მოხდეს კოლაბორაცია წარმოება-მიწოდებას შორის და მომხმარებელსაც შეღავათიან ფასად მივაწოდოთ ელექტროენერგია სწრაფი დამტენებიდან. გრძელვადიანი გეგმა გვაქვს და ვფიქრობთ, მომავალ წელს 100%-ით გამართული ვიქნებით ელექტროენერგიის წარმოებისა და მიწოდების კუთხით,“ - აღნიშნავს Green Energy-ის დამფუძნებელი.
პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. კერძოდ, როგორც დავით შვანგირაძე აცხადებს, კომპანია შეეცდება, რომ ელექტროსადგურის ამოქმედება არჩევნებამდე მოესწროს.