„მზის პანელების პროგრამა დავასრულეთ - ახლა კი დროებით, არჩევნებამდე მუშაობა შევაჩერეთ“

დროებით, არჩევნებამდე მუშაობა შევაჩერეთ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია Georgia’s Environmental Outlook-ის პროექტის მენეჯერმა ნინო მალაშხიამ განუცხადა.

Georgia’s Environmental Outlook-მა გურიაში ოთხ 20-ადგილიან სასტუმროში მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტი განხორციელდა „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა.

როგორც ნინო მალაშხიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში პანელები 4 მცირე ზომის სასტუმროს დაუმონტაჟეს. ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯი 9 ათას ევრომდე იყო, 20%-იანი თანადაფინანსება კი აღნიშნულმა ოთხმა სასტუმრომ განახორციელა.

ამასთანავე, Georgia’s Environmental Outlook-ის დამფუძნებელი ხათუნა გოგოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მალაშხიამ კი განმარტა, რომ მუშაობა არჩევნებამდე შეჩერდა.

„საბედნიეროდ მზის პანელების პროგრამა დავასრულეთ. ახლა კი დროებით, არჩევნებამდე მუშაობა შევაჩერეთ“, - განაცხადა მალაშხიამ.

გოგოლაძის განმარტებით, საქმიანობის შეჩერება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მუშაობას არჩევნებამდე აჩერებენ.

ცნობისთვის, Georgia's Environmental Outlook წლებია გარემოსდაცვით თემებზე მუშაობას. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვა, წყლის, სატყეო რესურსებისა და ნარჩენების ეფექტური მართვა.

მერი ტაბატაძე