დაახლოებით, 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია - ჩვენი გუნდი "ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, "განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების რეაბილიტაციასთან და ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში კორუფცია წახალისებულია სამინისტროს მხრიდან“.
„როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი დაწყებული იყო პროექტი UNICEF-ის ჩართულობით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი 2022 წელს უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვხედავთ 2024 წელია, დაახლოებით 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია.
ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს, შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს, რომელიც არის დაახლოებით, 38%. ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში გამოდის „ოცნება“ და გაურკვეველ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომლის სარგებელი ნაწილდება 25-30 ელიტურ ოჯახში. ქვეყანაში, სადაც ბავშვები
შიმშილობენ, ასეთ ხელისუფალს კეთილდღეობაზე საუბრის ყველანაირი მორალური უფლება დაკარგული აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენი გუნდი, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.