სექტემბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა - რა ჯდება ერთი ლიტრი

2024 წლის სექტემბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შესასყიდი ფასი ბენზინზე 0.20 ლარით, დიზელზე კი 0.25 ლარით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) 0.20 ლარით იაფად, 2.77 ლარად შეიძენს. აგვისტოში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 2.97 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, სექტემბრის კონტრაქტითაც ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის/ბენზინის ღირებულება (ოქტანობა არანაკლებ 95) 2.48 ლარია, აგვისტოში კი 2.69 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. (კლება 0.21 ლარი).

ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.46 ლარია, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2.67 ლარზე იყო, აქ კლება 0.21 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.

რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) სექტემბერში მთავრობას ერთი ლიტრის შესყიდვა 2.53 ლარი უჯდება, აგვისტოში კი 2.78 ლარს შეადგენდა, კლება 0.25 ლარია. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში „პლატსზე“ დაფიქსირებულ ტონა ბენზინისა და ევრო დიზელის საშუალო ფასს. დოკუმენტაციის მიხედვით, აგვისტოში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენს 769.73 დოლარს, ევრო-დიზელზე 708.95 დოლარს.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრ სუპერის მარკის ბენზინის გასაყიდი ფასი არის 3.75 ლარი, ხოლო ევრო დიზელის - 3.34 ლარი.