ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა თითქმის განახევრდა. თუ 2023 წლის 4 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 8 435-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 115-მდე შემცირდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, 2024 წლის 6 თვის სრული სტატისტიკა ევროსტატს გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა ცალკეული ქვეყნების მონაცემების მიხედვით, რომელიც უკვე დაჯამებულია, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში თავშესაფარი სულ საქართველოს 12 280-მა მოქალაქემ მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი ჯერჯერობით 5 380-მა. მართალია ეს სრული მონაცემი არაა, თუმცა კლება რომ ფიქსირდება, ეს აშკარაა.
ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად იტალიაში, გერმანიასა და ბელგიაში ითხოვდნენ. ივნისში იტალიაში თავშესაფარი საქართველოს 220-მა მოქალაქემ მოითხოვა, გერმანიაში - 195-მა, ბელგიაში - 70-მა, ირლანდიაში - 45-მა, ესპანეთში - 35-მა, საბერძნეთში - 20-მა, ნიდერლანდებში - 5-მა, შვედეთში -5-მა. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ევროსტატს 2024 წლის ივნისის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. შესაბამისად, სრული სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქვეყნების რეიტინგიც შეიცვლება.