რევოლუციურმა JetZero-მ დაფინანსება მიიღო

ამერიკული Alaska Airlines პირველი მსხვილი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც სტარტაპ JetZero-ს უნიკალური სამგზავრო თვითმფრინავის პროექტში ინვესტიცია ჩადო.

ინფორმაციას The Sun ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვამაყობთ ინვესტიციით JetZero-ს ახალი თაობის ამ ინოვაციური თვითმფრინავის განვითარებაში, რომელმაც საწვავის ეკონომიურობა ხელახლა განსაზღვრა,“ - წერია Alaska Airlines-ის განცხადებაში.

ცნობისთვის: სტარტაპი, JetZero ამუშავებს სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც, თანამედროვე ავიალაინერებთან შედარებით, 50%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ასეთი ეკონომიის მიღწევა სტარტაპს „შერეული ფრთების“ გამოყენებით სურს.

კერძოდ, ეს კონფიგურაცია ფრთასა და ფიუზელაჟს (კორპუსს) შორის გლუვ გადასვლას გულისხმობს, რაც თვითმფრინავში, ასევე, ადგილების რაოდენობის გაზრდას უზრუნველყოფს. ამდენად, საწვავის ეკონომიურობასთან ერთად მგზავრების კომფორტიც მეტად იზრდება.

პროექტით, თვითმფრინავის ძრავების დამონტაჟება ზედა ნაწილზე იგეგმება, რაც ხმაურის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მოელიან, რომ თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 2030 წლამდე შევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ