LEGO-ს კუბურების ნახევარზე მეტი 2026 წლისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქნება დამზადებული

დანიური კომპანია, LEGO თავისი სათამაშო კონსტრუქტორებისთვის კუბურებს მხოლოდ განახლებადი ან გადამუშავებული მასალისგან დაამზადებს.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კომპანიამ უკვე დატესტა 600-ზე მეტი ალტერნატივა ნავთობზე დაფუძნებული პლასტმასისთვის, რომლისგანაც ამჟამად მისი სათამაშოების დეტალები მზადდება. კერძოდ, 2018 წელს LEGO-მ შაქრის ლერწმისგან დამზადებული კონსტრუქტორის დეტალები გამოუშვა.

ამჟამად კომპანია ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასის დამზადებას მცენარეული ზეთის ან კვების მრეწველობის ნარჩენებისგან გეგმავს.

LEGO-ს სურს, 2032 წლისთვის წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ პლასტმასზე მთლიანად თქვას უარი, ხოლო 2026 წლისთვის კუბურების ნახევარზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქნება დამზადებული.

LEGO-მ კუბურების დამზადება გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგანაც სცადა, თუმცა შარშან ამ იდეაზე უარი თქვა. კომპანიის გაანგარიშებით, ასეთი ალტერნატივა სითბური გაზების ემისიებს არ ამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ