სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, რაც სასურსათო უსაფრთხოების გარანტია, თითქმის ყველა საკვები პროდუქტის შემთხვევაში შემცირდა. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ძირითადი სასურსათო პროდუქტების წარმოების მაჩვენებლებს, 2023 წლის მდგომარეობით.
სტატისტიკის მიხედვით, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 157 ათასი ტონიდან 147 ათას ტონამდე ჩამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ სასურსათო მოხმარება 559 ათას ტონას შეადგენს, აღნიშნული პროდუქტის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 22%-ია.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 199 ათასი ტონიდან 197 ტონამდე შემცირდა კარტოფილის წარმოება. მონაცემების თანახმად, სასურსათო მოხმარება 186 ათასი ტონაა, შესაბამისად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 87%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამასთან, გასულ წელს კიდევ 201%-დან 236%-მდე გაიზარდა, შემცირებულია მისი წარმოება. სტატისტიკის მიხევდით, გასულ წელს ქვეყანაში 221 ათასი ტონა პროდუქტი იწარმოა, წინა წელს 287 ათასი ტონა. აქ სასურსათო მოხმარება მხოლოდ 70 ათას ტონას შეადგენს, 128 ათასი კი ექსპორტზე გადის.
საქსტატის მიხედვით, ადგილობრივი წარმოება გაზრდილია ბოსტნეულის მიმართულებითაც. კერძოდ, 2023 წელს 142 ტონა პროდუქტი იწარმოა, წინა წელს 129 ათასი ტონა. თუმცა, 191 ათასი ტონიდან 213 ათას ტონამდე გაიზარდა სასურსათო მოხმარება, შესაბამისად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 52%-ზე დარჩა. რაც ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ასევე გაზრდილია ხორცის წარმოება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს 78.7 ათასი ტონა პროდუქტი იწარმოა, 2022 წელს 74.6 ათასი ტონა. აქ სასურსათო მოხმარება 168.1 ათას ტონას შეადგენს, შედეგად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 47%-ია. თუმცა, აქაც აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მხოლოდ ღორის და ფრინველის ხორცის წარმოება, მსხვილფეხა პირუტყვისა და ცხვრის ხორცის წარმოება კი შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის წარმოება 23.8 ათასი ტონიდან, 22.7 ათას ტონამდე შემცირდა, ცხვრის - 5.2 ათასი ტონიდან 5 ათას ტონამდე, ხოლო ფრინველის ხორცის მცირედით, 24.5 ათასი ტონიდან 24.8 ათას ტონამდე გაიზარდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება 565 ათასი ტონიდან 584 ტონამდე გაიზარდა. თუმცა, სასურსათო მოხმარება გაზრდილია 715 ათასი ტონიდან 756 ათას ტონამდე, შესაბამისად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 77%-დან 75%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, 655 მლნ ცალიდან 653 მლნ ერთეულამდე შემცირდა. აქ სასურსათო მოხმარება 649 მლნ ერთეულს შეადგენს, შედეგად, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლი 96%-დან 93%-მდე შემცირდა.