“საავტომობილო გაზი, რომლის თვითღირებულება 1.05 თეთრს არ აღემატება, საცალო ქსელში 1.79 ლარად იყიდება“,- ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ თხევადი გაზის ბაზარზე დღევანდელი სიტუაცია თავსებადი არ არის კონკურნტულ გარემოსთან და დროული იქნება, თუ კონკურენციის სააგენტო ჩაერთვება საქმეში, ვინაიდან სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები.
„ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში თხევადი გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ფასების ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, რომლის ეტაპობრივი შესწავლა დავიწყეთ.
ერთ ერთი მიზეზი, რომელიც დადგინდა, იყო ნატახტრის და ლარსის ტირ-პარკებში გაზმზიდების დაყოვნება 2-3 დღით, რასაც გამოეხმაურა თხევადი გაზის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და ამავე დროს ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ ხოფერია, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს.
მოდი, დავთვალოთ რა ჯდება დღეისათვის ერთი ლიტრი საავტომობილო გაზი და დასკვნები შემდგომ გავაკეთოთ.
აღნიშნული ფასწარმოქმნა შედგება ბირჟის ფასიდან + ტრანსპორტირება სურგუტიდან ვლადიკავკაზამდე + ვლადიკავკაზში ბაზის მომსახურება + ტრანსპორტირებ გაზმზიდით ვლადიკავკაზიდან თბილისამდე + აქციზი + დღგ.
ბირჟის ფასები საიტზე ( ggnpsales.ru) საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ასევე რკინიგზის ტარიფები არის იგივე საიტზე.
სურგუტის ქარხნიდან ვლადიკავკაზამდე რომ ჩამოვიდეს ვაგონები, საჭიროებს 45 დღე, აქედან გამომდინარე ის საწვავი, რომელიც დღეს საქართველოში იყიდება შეძენილია ბირჟაზე დაახლოებით, 48-50 დღის წინ. მაგალითისათვის, 10 ივლისის ბირჟის მონაცემებით თხევადი გაზის ფასი იყო 20900 რუსული რუბლი. 20 900 რუბლს რომ დავუმატოთ რკინიგზის ტარიფი 14 317 რუბლი, მივიღებთ 35 217 რუბლს, ამას დაემატება 1000 რუბლი ვლადიკავკაზის ბაზის მომსახურება და მივიღებთ 36 217 რუბლს, ეს არის ერთი ტონის ღირებულება ვლადიკავკაზში.
აღნიშნული გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებენ ძირითადად 20 ტონის ტევადობის გაზმზიდებით, შესაბამისად, 36 217 რომ გავამრავლოთ 20 ტონაზე მივიღებთ 724 340 რუსულ რუბლს, რაც ლარებში იქნება 24 144 ლარი. აღნიშნულ საწვავის ღირებულებას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი თბილისამდე 3 200 ლარი, აქციზი 6000 ლარი, რაც შეადგენს 33 344 ლარს, რასაც ემატება დღგ 6 000 ლარი და ვღებულობთ 20 ტონა საწვავის ღირებულებას 39 344 ლარს.
20 ტონა გაზს 25 გრადუს სითბოზე უნდა მივუყენოთ კოეფიციენტი 0,59 და მივიღებთ 37 807 ლიტრ გაზს. ღირებულება 39 344 რომ გავყოთ 37 807 ლიტრზე მივიღებთ ერთი ლიტრის თვითღირებულებას 1.04 ლარს.
ჩვენ როდესაც გავაკეთეთ პირველი განაცხადი, რომ გაზის ფასების ზრდას ზელს უწყობს ლარსის საბაჟო-თქო ეს იყო 21 ივლისი, სწორედ გადამზიდების ხელოვნურად შეყოვნებამ სტარტი მისცა პროდუქციის დეფიციტის შექმნას და პირველი გაძვირების ტალღა დაიყო ამ პერიოდიდან.
თუ ტირ-პარკინგებში არ ყოვნდება საშიში ტვირთების გადამზიდი ტრანსპორტი, თუ ერთი ფურცელი ქსეროქსის გადაღება არ ღირს 2 ლარი, თუ ლარსის საბაჟო არ აჯარიმებს სასწორზე მომატებული წონით გაზმზიდებს და კიდევ სხვა არანაირი დაპრკოლებები არ არსებობს რამდენად გამართლებულია მის მიერ დანამატი ერთ ლიტრ თხევად გაზზე 0.75 ლარი?
მაშინ იქნებ აგვიხსნას ბატონმა ხოფერიამ, რატომ იყიდება მის ქსელში თხევადი გაზი ერთი ლიტრი 1.79 ლარად, მაშინ როდესაც თვითღირებულების გათვლით, მას უჯდება ერთი ლიტრი 1.04 ლარი?
ახლა გადავიდეთ მეორე საკითხზე - სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით უკმაყოფილი მომხმარებლების განცხადებებს, რომ 50-ლიტრიანი თხევადი გაზის ავზში რატომ ჩადის 60 ლიტრი საწვავი.
გამოდის, რომ ყოველ 10 ლიტრ ავზში გაშვებულ საწვავზე, დოზადორები გაზგასამართის სასარგებლოდ იტოვებს 2 ლიტრამდე საწვავს, სად მიდის ამდენი აღურიცხავი გაყიდული ჰაერის თანხა? რით ვერ აკმაყოფილებთ იმპორტიორებს თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის არსებული 0.75-ლარიანი მარჟა?
რატომ არ კონტროლდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან გაზგასამართი სადგურის დოზადორები და ასევე ავტოგასამართი სადგურის ბენზინს დეზადორები?
კვლევიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თავდაპირველად ლარსის საბაჟო გამსვლელი პუნქტის დაუდევარმა მუშაობამ, რომლებმაც შეაყოვნა ავტოგადამზიდავები 8-10 დღით, სტარტი მისცა თხევადი გაზის გაძვირებას, რაც შემდეგ წარმატებით გამოიყენა იმპორტიორებმა.
ვის ინტერესებშია გაზზე ფასების გაძვირება ამ წინასაარჩევნოდ, მაინც ძნელი მისახვედრი არაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მაშინ როდესაც ვაგონებით თხევადი გაზის შემოტანას 40-45 დღე უნდა და ის გაზი შეძენილი იყო დაბალი ფასებით და 21 ივლისიდან ასე ნახტომისებურად ფასი არ უნდა გაზრდილიყო. აშკარაა, რომ თხევადი გაზის ბაზარზე დღევანდელი სიტუაცია თავსებადი არაა კონკურნტულ გარემოსთან და დროული იქნება, თუ უკვე დაგვიანებულია არაა, კონკურენციის სააგენტოს ჩართვა ამ საკითხში, ვინაიდან სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები“,- წერს შენგელია.