კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. ფერმერების ნაწილმა დღეს აქცია სოფელ ჭიკაანში გამართა და ფასის ზრდა მოითხოვა.
მათი თქმით, არსებული ფასი ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, რადგან შხამქიმიკატების, საწვავის და მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი - ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
პროტესტის საპასუხოდ რთველის საკოორდინაციო შტაბში განმარტეს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ვერ ჩაერევა.