მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიერთების პირობა დაასახელა

რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს.

ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ NEWS.ru-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

“აფხაზეთმა, „სამხრეთ ოსეთმა“ და ყველა სხვა სუვერენულმა სახელმწიფომ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა სურს, ყველა საკითხი სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. ფედერაციაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა მის ლიდერებს. ამდენად, თუ სახალხო რეფერენდუმი გაიმართება და ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა დაიწყება,“ - აცხადებს ვოდოლაცკი.

ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთმა 1-ელ სექტემბრიდან აფხაზ ექიმებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცავებს სოციალური ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. მან ამას მოსკოვის მხრიდან დაწესებული „გარკვეული სახის სანქციები“ უწოდა, რაც, შამბას შეფასებით, სოხუმის შეუსრულებელ ვალდებულებებს მოჰყვა. შამბას თქმით, “მოკავშირეებს შორის ბევრი უკმაყოფილება დაგროვდა.“ მათ შორის არის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების ამოქმედების უზრუნველყოფა და კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ