საქართველოში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი 47 ატრაქციონია რეგისტრირებული, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, აღნიშნულიდან 11 თბილისშია განთავსებული. ამასთანავე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ცნობით, 2020 წლიდან დღემდე 108 ინსპექტირება განხორციელდა, რომელთაგანაც 30 დედაქალაქში ჩატარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ატრაქციონის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2 ობიექტი დაჯარიმდა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად, აღნიშნულისთვის ჯარიმა 750 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ბორჯომში ატრაქციონის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის (რამაც მეორე ხარისხის შეუსაბამობა გამოიწვია) დაჯარიმებულია 2 ობიექტი. ამ შემთხვევაში ჯარიმა 400 ლარს შეადგენდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ატრაქციონებზე „კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა“.
„ატრაქციონების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს, კერძო ინსპექტირების ორგანოების მიერ. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ატრაქციონებზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში“, - განგვიცხადეს სააგენტოში.