„ყველამ უნდა იგრძნოს თავის წილი პასუხისმგებლობა, რათა არ განმეორდეს ჩერნობილი“ - რამდენად რეალურია საფრთხე კურსკის ატომურ სადგურზე?

უკრაინის მიერ კურსკის ოლქში საომარი მოქმედებების დაწყების შემ­დეგ, განხილვის საკითხი გახდა კურსკის ატომური სადგური. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განცხადებაც გაავრცელა, რომ "კურსკის­ ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხე გაჩნდა". რამდენად რეალურია საფრთხე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე ამ სადგურის დაზიანებამ, ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს.

- დღევანდელი მონაცემებით, კურსკის­ ატომური სადგური ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. ფონი შეცვლილი არ არის. თუმცა, ბუნებრივია, იქ მომუშავენი საფ­რთხეს გრძნობენ, მაგრამ ისიც იციან, რომ შეგნებულად არც ერთი მხარე შეცდომას არ დაუშვებს. რაც შეეხება გარე საფრთხეებს,­ თუ საიდან შეიძლება წარმოიქმნას საშიშროება, კურსკის ატომური სადგური ძალიან ახლოს არის საომარ ზონასთან. აქედან­ გამომდინარე, არ არის გამორიცხული შემთხვევითი დაზიანება. საომარი­ მოქმედებების დროს ვერავინ ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ ყუმბარა შემთხვევით არ მოხვდება. ამიტომ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო­ სააგე­ნტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, საშიშროების მომატება გამოწვეულია იმით, რომ ატომური სადგური საომარ ზონაშია. რა თქმა უნდა, ეს დიდი საფრთხეა.

მეორე საფრთხე - სადგური ზუსტად ისეთივე ტიპისაა, როგორიც ჩერნობილში­ იყო. ეს არის მაღალი სიმძლავრის არხული ტიპის სადგური, რომელსაც არ გააჩნია საპროექტო დანიშნულების კონტინენტები ანუ დამცავი გარსი. სადგურს ან მის კორპუსს ყუმბარა რომ მოხვდეს და დააზიანოს აქტიური ზონა, იმ დროს, როცა რეაქტორი არ არის დაცული, ეს კატასტროფა იქნება. არის სადგურები, რომლებიც დამცავი სარქვლითაა აღჭურვილი. მაგალითად, ზაპოროჟიეს ატომური სადგური და ის შედარებით უსაფრთხოა გარეგანი ზემოქმედებით მიღებული შესაძლო დაზიანებისგან.

რა არის კონტინენტი? ეს არის დამცავი გარსი, რომლის შიგნით მოთავსებულია მთელი აქტიური ზონა. კონტინენტი ისეთი გათვლით კეთდება, თვითმფრინავი შემთხვევით ან მიზანმიმართულად რომ დაეჯახოს, ან საავიაციო ბომბი მოხვდეს, მან უნდა უზრუნველყოს რეაქტორის დაცვა. კურსკის ატომურ სადგურში 4 რეაქტორია, 2 უკვე გამორთული და გაჩერებულია, ორი კი მუშაობს 2000 მეგავატის სიმძლავრით, 1000-1000-ით თითოეული.

- საომარი ვითარებიდან გამომდინარე, ხომ არ არის მიზანშეწონილი იმ ორი რეაქტორის დროებით გამორთვა?

- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებაზე ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა, მას რუსებისგან აქტიურად უნდა მოეთხოვა, რომ ორივე რეაქტორი გაეჩერებინათ, დაეკონსერვებინათ, როგორც გაკეთდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში. უფრო უსაფრთხო იქნება, თუ ორივე რეაქტორი გაჩერდება, სანამ ომის ტალღა არ გადაივლის. ამ შემთხვევაში ეს არის საუკეთესო გამოსავალი. მომუშავე რეაქტორზე მომხდარი ინციდენტი გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე გაჩერებულზე. რადგან საშიშროება­ არსებობს, ყველაზე რეალურია, რუსებმა გამორთონ ორივე რეაქტორი.

არსებობს მეორე პრობლემაც - სამ­ხრეთის მიმართულებით 2000 მეგავატის მოხსნა რუსეთისთვის არ არის იოლი საქმე.­ მას სამხრეთით სიმძლავრეების პრობლემები აქვს. თუმცა გაცილებით დიდი პრობლემები შეიქმნება, რამე რომ მოხდეს მომუშავე რეაქტორზე, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ჩერნობილის მაგალითი.

- რა შეიძლება მოხდეს, თუ ყუმბარა მოხვდა ატომურ სადგურს? ყველაზე მძიმე სურათი აღვწეროთ...

- პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია­ მსგავსი მასშტაბის აფეთქება მოხდეს, მაგრამ საუბარია საბრძოლო ველზე. ჩერნობილიდან გამომდინარე, ამის გამოცდილება უკვე არსებობს. უნდა დაიწყოს დროული სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩერნობილის ამბავს 1986 წლის 26 აპრილიდან 3 მაისამდე საბჭოთა კავშირი მალავდა. მუშაობდნენ ავარიის ჩასაქრობად, თუმცა ისიც კი არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. ჩერნობილის კატასტროფა 6 საათის განმავლობაში მზადდებოდა, ღამის 00:15 წუთიდან დილის 06:00 საათამდე. რეაქტორი აფეთქდა, მისი კორპუსი დაინგრა და ყველაფერი ღია სივრცეში გამოიფრქვა. აქედან გამომდინარე, მე გამოვრიცხავ, რომ კურსკში იმავე მასშტაბის კატასტროფა მოხდეს.

როგორც გითხარით, ერთმა საავიაციო­ ბომბმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს კურსკის ატომური სადგური, მაგრამ, რაც მოხდა ჩერნობილში, იმის გამოწვევა ერთი ბომბით შეუძლებელია. სხვა საქმეა მასირებული დაბომბვა. ყველაზე რთული ვარიანტია, თუ, ვთქვათ, შემთხვევით ბალისტიკური რაკეტა მოხვდა სადგურს და გაირღვა რეაქტორი, დაზიანდა სითბოს გამომყოფი ელემენტები, კურსკი კი არა, მის მიღმა და გადმოღმა ყველას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება. ინციდენტის შემთხვევაში მომენტალურად უნდა დაიწყოს მუშაობა რეაქტორის ჩასაქრობად და გასაჩერებლად. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქარის მიმართულებაც, საით წაიღებს აფეთქების შედეგად გამოყოფილ რადიოაქტიურ ნარჩენებს, რამდენად სწრაფად გავრცელდება და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ჩერნობილის კატასტროფამ რა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო მეზობელი ქვეყნები და არა მარტო ისინი.

ატომურ სადგურზე რეაქტორის დაზიანების 10-დონიანი საფეხური არსებობს. შეიძლება ინციდენტი მოხდეს სადგურის დონეზე, სადგურის შიგნით ან გარეთ, მე-10 ყველაზე საშინელია. არა მგონია, კურსკში ამ დონემდე მივიდეთ. არც უკრაინა და არც რუსეთი შეგნებულად არ დააზიანებს კურსკის ატომურ სადგურს, იმიტომ, რომ ეს არ იქნება ერთი ქვეყნის პრობლემა.

კიდევ ერთი - ერთ მომუშავე რეაქტო­რს რომ მოხვდეს ბომბი, მეორე ავტომატურად არ ზიანდება. გააჩნია ბომბის სიმძლავრეს და დაზიანების ხარისხს. ჩერნობილში ერთი ბლოკის აფეთქების შედეგად კი დაინგრა ყველაფერი, მაგრამ კვირების განმავლობაში დანარჩენი ბლოკები მუშაობდა. გააჩნია იმასაც, რა დაზიანებაა. ვთქვათ, თუ მოიშალა გამაგრილებელი წყლის სისტემა ან ელექტროგადამცემი სისტემები, ბუნებრივია, ერთიც და მეორეც გამოირთვება ქსელიდან. ასე რომ, ერთი რეაქტორის დაზიანება ავტომატურ რეჟიმში მეორის მწყობრიდან გამოსვლას არ გულისხმობს.