2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.8 პროცენტით. „საქსტატის“ ცნობით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.3 პროცენტით.