რეგულაციის 1 წელი - ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვზე 4 ქალაქში, 7193 პირი დაჯარიმდა

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის­ ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა - ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს.

„საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა - 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი - 3453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1403 - ქუთაისში, 1233 - ბათუმში, 1104 - ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7193 სამართალდამრღვევიდან, 6267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 - იურიდიული პირი. 4463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2434 - მიკროავტობუსის, 287 - სატვირთო ავტომობილის, 9 - ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.

საქართველოს 4 დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.