„რუსები ითხოვენ ვალის გადახდას, რაზეც აფხაზებმა თქვეს უარი. ამიტომ, წამოვიდა ე.წ სანქციები“ - ასე აფასებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია რუსეთის მთავრობის მიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტას.
როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, საუბარია, აფხაზეთში „აპარტამენტების კანონზე“, რომელზეც აფხაზებმა უარი თქვეს, რუსების მხრიდან კი შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. პაატა დავითაიას ინფორმაციით, ამ წლების განმავლობაში რუსეთს აფხაზეთში 120 მლრდ რუბლი აქვს დახარჯული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე გამოყოფილი, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან განახადა, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.
მისი განმარტებით, აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია. კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
ე.წ მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს ცოტა გართულდება“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ითხოვენ ვალის გადახდას, რაზეც აფხაზებმა თქვეს უარი. ამიტომ წამოვიდა ე.წ სანქციები. რა ვალზეა საუბარი, ეს არის აღიარება, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სოციალური პაკეტით უზრუნველყოფას აფხაზეთის მოსახლეობის, ეს არის თავდაცვის შესახებ კანონის შეთანხმება, ეს არის დენის მიწოდება დაბალი ტარიფებით, ამ ყველაფერზე ისინი ითხოვდნენ აპარტამენტების შესახებ ე.წ კანონს, რომ სანაპიროს ზოლზე ჰქონდეთ საკუთრება, რაზეც აფხაზებმა უთხრეს უარი. ამიტომ რუსები, რომლებიც ამ ყველაფერში ფულს დებდნენ, დაიღალნენ ე.წ უხელო ჩემოდნის თრევით. ეს ყველაფერი ხომ მთლიანად მათ ბიუჯეტზე მიბმული. მთელი ამ წლების განმავლობაში დახმარების სახით აფხაზებზე დაახლოებით, 120 მლრდ რუბლია დახარჯული.
თავის მხრივ, აფხაზებს ეგონათ, რომ იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც სრული აბსურდია, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ყველა აფხაზი რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეა. ახლა დადგა კიდევ საკითხი მოქალაქეობის ჩამორთმევის, ვინც რუსულ ინტერესებს არ ატარებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციაც კი, რომელიც იქ არის, აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ამბობენ, რომ რუსეთს, რომელიც მათ სანქციებს, ფული არ უნდა მოვთხოვოთ, რადგან ეს ხალხი ისედაც ომობს მთელ მსოფლიოსთან. ხვდებით, რა აბსურდებზეა საუბარი. მეორე ოპოზიციური პარტია ამბობს, ბჟანიას ბრალია ყველაფერი და ჩვენ მოველაპარაკოთ რუსებსო. ოპოზიციაში ყველას უნდა, რომ ხელისუფლებაში იყოს, აქედან გამომდინარე, სინამდვილეს თვალს არ უსწორებენ. სინამდვილე კი ის არის, რომ ესენი იღუპებიან და რუსეთს მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებს“,- ამბობს პაატა დავითაია.
კითხვაზე, რა ბედი ელის აფხაზეთს, რუსული დაფინანსების გარეშე, პაატა დავითაია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისინი რუსეთთან გარკვეულ შეთანხმებაზე წავლენ, რადგან სხვა შემოსავლის წყარო, ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.
„ამ სიტუაციაში უნდა გავაკეთოთ ღია განცხადებები, რომ ჩვენ უპირობოდ მივცემთ ელექტროენერგიას, რომელსაც ისედაც ვაძლევთ, ჩვენ უპირობოდ გავუკეთებთ სოციალურ დახმარებებს, უპირობოდ დავეხმარებით მშენებლობებში და ზოგადად, ყველაფერს უპირობოდ გავუკეთებთ. რატომ უპირობოდ? ძალიან მძიმეა ჩემთვის, როგორც დევნილისთვის ამის თქმა, უნდა დავეხმაროთ ხალხს, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მაგრამ როცა სახელმწიფო ინტერესია, სწორედ ასე, უპირობოდ უნდა ითქვას ყველაფერი, რასაც რუსები, რა თქმა უნდა, არასდროს გააკეთებენ. აფხაზები ხომ ნახავენ, რომ ჩვენ რაღაცას უპირობოდ ვთავაზობთ, ისინი (რუსები) თავის ინტერესებს ახვევენ. ეს იქნება კარგი მესიჯი და საფუძველი მომავალში რაღაც ურთიერთობის. მთელი პროცედურებია, მაგრამ ამ კუთხით, სამწუხაროდ, არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. აფხაზები კი იმკიან იმას, რაც დათესეს.
მე ვფიქრობ არაფერი გამოუვათ, მაგათ ეკონომიკა არ აქვთ, რუსულ დოტაციაზე არიან და ტურიზმი რაც არის, ისეც არ არის სახელმწიფო, კერძოა, ამით ჯარსაც ვერ შეინახავს. ამიტომ მე ვფიქრობ, მოუწევთ რუსეთთან რაღაც შეთანხმების მიღწევა“,- ამბობს პაატა დავითაია.