IMF უკრაინისგან გრივნის დევალვაციის დაჩქარებასა და გადასახადების გაზრდას ითხოვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) უკრაინისგან გრივნის დევალვაციის დაჩქარებას, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა და გადასახადების შეგროვების გაძლიერებას მოითხოვს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ეს ნაბიჯები კიევს ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში დაეხმარება, რომელიც, სავალუტო ფონდის თანახმად, 2025 წელს 15 მლრდ დოლარს შეადგენს.

IMF უკრაინის გაფართოებული დაფინანსების პროგრამის (EFF) გეგმიურ გადახედვას ეწევა. ოთხწლიანი პროგრამა 2023 წლის მარტში დამტკიცდა. თუ ფონდის სპეციალისტები დაადგენენ, რომ კიევი პროგრამის მიზნობრივ მაჩვენებლებს აღწევს და თავისი ფინანსური საჭიროების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სახსრები აქვს, მაშინ ისინი შემდეგ ტრანშს გამოყოფენ. ამ ტრანშის ოდენობა 1,1 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო EFF-ის პროგრამით გათვალისწინებული მთლიანი თანხა 15,6 მლრდ დოლარია. პროგრამა 2023 წლის 31 მარტს დამტკიცდა და უკრაინის მხარდაჭერის 122 მლრდ დოლარის ოდენობის პაკეტის ნაწილია.

IMF-მა, ასევე, რამდენიმე გადასახადის გაზრდის შესახებ უკრაინის მთავრობის გეგმას „ზედმეტად რბილს“ უწოდებს და კიევისგან გადასახადების უფრო ფართო სპექტრის გაზრდას მოითხოვს. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) არსებული 20%-დან უფრო მეტად გაზრდაა.

თავის მხრივ, უკრაინის ეროვნულ ბანკს არ სურს, გრივნის შემდგომი დევალვაცია დაუშვას. ვალუტამ უკვე დაკარგა დოლართან მიმართებაში ღირებულების 10%-ზე მეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ომის დაწყებიდან დაწესებული ფიქსირებული გაცვლითი კურსი გაუქმდა.

ცნობისთვის: მარტის ბოლოსთვის EFF-ის პროგრამის ფარგლებში ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ IMF-მა უკრაინას იმავე თვეში წინა ტრანშის სახით 880 მლნ დოლარი გამოუყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ