გიორგი ამილახვარი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედებაა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. ეს არის უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი მთელ რეგიონში.

დღეს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერაში ვცხოვრობთ და სწორედ ასეთ დროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.

ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდა ამ იდეას, მაგრამ დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში განხორციელდა. დღეს ამ უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს!

მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის – ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებული ეს უნიკალური პროექტი გახლავთ ფასდაუდებელი ინვესტიცია ქართულ განათლებაში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.