საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის განცხადებით, 35 მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია. მიზეზად ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება სახელდება, ხოლო წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოსთვის განკუთვნილი გრანტი სხვა ბენეფიციარებზე გადანაწილდება.
როგორც ირკვევა, ცოტა ხნით ადრე, "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს 5000 ევროს ოდენობით გრანტი გადაეცა. მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალ საგრანტო კონკურსში, მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის, ამ პროექტის ფარგლებში, ახალი გრანტები აღარ გაიცემა.
ცნობისთვის, „შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობაა, რასაც გრანტების, ტრენინგების, შემოქმედებითი სივრცეების შექმნის და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს 2 სექტემბერს, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავამ ბრიფინგი უძღოდა, სადაც მან მერიის მიერ მოპოვებული გრანტის შეჩერების შესახებ ისაუბრა. მიზეზად მან ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება დაასახელა.