არჩილ გორდულაძე - გამოძიებამ გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი დადასტურებულად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს

გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით ევროპელ პენსიონერებს, - ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

როგორც ის განმარტავს, უცხოეთიდან შემოსული თანხები წინასაარჩევნო კამპანიას არ უნდა ხმარდებოდეს.

„ეს ნაძარცვი ფული ჩვენ კარგად ვიცით და საზოგადოებაც საქმის კურსშია, რას ხმარდება და რა ქმედებები ფინანსდება. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ თანხებით, რომელიც პირდაპირ, უცხოური გავლენის და პატრონების მხრიდან არის ხოლმე დაფინანსებული, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები არ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდეს და პოლიტიკაში უცხო ქვეყნიდან ჩარიცხულ თანხებს ადგილი არ აქვს. განსაკუთრებით, როცა ეს თანხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების ნაძარცვი ფულია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.