ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციის ტენდერი არ შედგა - ღირებულება 6.7 მლნ ლარი იყო

ბათუმის, რუსთაველის №51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოხატა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 6 721 919 ლარი ჰქონდა წარმოდგენილი.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ორსართულიანი შენობა აგებულია 1944 წელს. დაარსებიდან დღემდე შენობამ რამდენჯერმე განიცხადა ცვლილება. დოკუმენტების მიხედვით, დროთა განმავლობაში შენობაში სხვადასხვა ფუნქციის ორგანიზაციები იყო განთავსებული, რამაც ერთგვარად გამოიწვია შენობის დეგრადირება.

„კვლევებით დადგინდა მთელი რიგი დაზიანებები. კონსტრუქციულ ნაწილში გვაქვს აკვარიუმის ფლიგელის სერიოზული დაზიანება, მისი სახურავი მრავალჯერაა გადაკეთებული, აკვარიუმის ჭარბი ტენიანობა საკმაოდ მოკლე ვადაში აზიანებს გადახურვის კონსტრუქციებს, აქედან გამომდინარეა მისი იერსახის სხვადასხვაობა სხვადასხვა პერიოდში.

ძირითადი შენობის და მასზე დამატებული მიშენების მდგომარეობაც ანალოგიურ მძიმეა, ჭარბტენიანობისა და სახურავის დაზიანებების გამო კედლები და სართულშუა გადახურვები მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვს ხის კონსტრუქციებს, რომლითაც ზოგიერთი სართულშუა გადახურვებია შესრულებული“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

შემუშავებული სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული იყო შემდეგი:

  • აკვარიუმის ფლიგელის დაშლა და აწყობა, რათა შენობა შეესაბამებოდეს თანამედროვე სეისმიკას და სამშენებლო ნორმებს;
  • პირველ სართულზე მთლიანად საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ფაუნის აკვარიუმების მოწყობა;
  • მეორე სართულზე მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ოფისის მოწყობა ლაბორატორიებით; იგეგმება საკონფერენციო მცირე დარბაზისა და მიშენების ნაწილში ოკეანიარიუმის მომსახურების კვანძის მოწყობა.
მერი ტაბატაძე