გიორგი ბოტკოველი - საკუთარ თავებს მოჰკითხონ, ვის რა „ქოლ-ცენტრები“ აქვს, როგორ ფინანსდება და მდიდრდება, ვინ, როგორ მიაქცევს შავ ფულს „ქართული ოცნების“ ყულაბაში

საკუთარ თავებში ჩაიხედონ და საკუთარ თავებს მოჰკითხონ, ვის რა „ქოლ-ცენტრები“ აქვს, ვინ როგორ ფინანსდება და როგორ მდიდრდება. ასევე, ვინ როგორ მიაქცევს შავ ფულს „ქართული ოცნების“ ყულაბაში, - ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, გიორგი ბოტკოველი.

მისივე მტკიცებით, „ქოლ-ცენტრების“ თემა პირდაპირ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს უკავშირდება.

„ძალიან ნათლად ჩანს, თუ ვინ არის მძარცველი ქართველი ხალხის. ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის პირველი მძარცველია, ამის თვალნათელი მაგალიათია ის, თუ როგორ ძარცვას ბიძინა ივანიშვილი მევენახეებს. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვინმეს მძარცველობაზე საუბარი - საკუთარ თავებში ჩაიხედონ და საკუთარ თავებს მოჰკითხონ, ვის რა „ქოლ-ცენტრები“ აქვს, ვინ როგორ ფინანსდება და როგორ მდიდრდება. ასევე, ვინ როგორ მიაქცევს შავ ფულს „ქართული ოცნების“ ყულაბაში. „ქართული ოცნების“ [წარმომადგენლები] თავიდან ბოლომდე არიან მძარცველები და მათ არანაირი უფლება არ აქვთ, ვინმეს ძარცვაზე ისაუბრონ.

ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ და ამაზე არაერთი საერთაშორისო მედიაც საუბრობდა, როდესაც კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და „ქოლ-ცენტრების“ თემა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს უკავშირდება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.