„ბოლო 2-3 წელია კატასტროფულად გაიზარდა გადმორიცხვები - მიახლოებით 244 ათასი კაცი წავიდა საქართველოდან ამ პერიოდში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთამ“ ეკონომისტი გივი მომცელიძე უმუშევრობის შემცირებაზე კომენტირებისას აღნიშნავს.
როგორც მან განმარტა, საქართველოში უმუშევრობის შემცირებას ორი მიზეზი აქვს: ეკონომიკური ზრდა და ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლებში.
„საქართველოში უმუშევრობის შემცირების ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. პირველი, რაც არ უნდა იყოს, ეკონომიკა იზრდება. ზრდა ივლისში 13% იყო და როცა ეკონომიკა იზრდება, რაც არ უნდა ცუდი ეკონომიკა გქონდეს საბოლოოდ, აქსიომაა, რომ სამუშაო ადგილები მაინც გაიზრდება.
ქვეყანაში შემცირებულია 15 წელზე მეტი ადამიანების რაოდენობა, რადგან გვაქვს სერიოზული მიგრაცია. თუ საქართველოს მოსახლეობის უმუშევრების დიდი ნაწილი გავა, მოძებნის სამუშაო ადგილს გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ამერიკაში მექსიკით გავლით და ა.შ. შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სამუშაოს ეძებს. აქ დარჩებიან საჯარო მოხელეები, კერძო სექტორში დასაქმებული პირები, ვისაც, ასე თუ ისე, ნორმალური და სტაბილური სამსახური აქვს.
ტრანზაქციების რაოდენობა საზღვარგარეთიდან მიახლოებულია იმ მიგრანტთა რიცხვთან, ვინც მუშაობს. ბოლო 2-3 წელია კატასტროფულად გაიზარდა გადმორიცხვები, რომ დავთვალე, 2020 წელს 426 ათასი ტრანზაქცია იყო საშუალოდ თვიურად, ახლა არის საშუალოდ 670 ათასი, ანუ დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა. ანუ მიახლოებით 244 ათასი კაცი წავიდა საქართველოდან, აქ 15 წელს ზემოთ მოქალაქეები ნაკლები დარჩა და ამან შეამცირა უმუშევართა რაოდენობა“, - განაცხადა გივი მომცელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.7%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში სამუშაო ძალა 1.6 მილიონს აღემატებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა 1.38 მილიონზე მეტი იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 935.8 ათასს შეადგენდა.