“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის აღსადგენად „მსოფლიო ბანკის“ მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია.
როგორც ფავლენიშვილმა თერჯოლაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სკოლა ფაქტობრივად, გაუქმებულია და მისი გახსნა ვერ მოესწრება.
“თერჯოლის პირველ საჯარო სკოლასთან ვიმყოფებით, რომელიც უკვე უნდა ფუნქციონირებდეს, მაგრამ წლებია, „მსოფლიო ბანკის“ მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია, ან როგორც ივანიშვილის რეჟიმს ახასიათებს, ეს თანხა შეჭმულია და სკოლა ფაქტობრივად, გაუქმებულია. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი გახსნა ვერ მოესწრება, მაგრამ აქ როგორც ხედავთ, არც არაფერი ხდება. მინდა მივმართო, მათ შორის, მდინარაძეს, რომ მათ მშობლიურ სკოლებს მაინც მიხედონ, თუ სხვებზე არ იზრუნებენ.
ვიცით, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ვიცით, რომ საოცრად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს განათლების სისტემაში ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით. ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. შეუძლებელია, ქვეყანაში განათლების სისტემაში ასეთი მდგომარეობა გვქონდეს და მერე ვსაუბრობდეთ რაიმე პერსპექტივაზე, ეს არის ქართველების გარეშე საქართველოს დარჩენის, ქართველების განადგურების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.