11 სექტემბერს შუქრუთელების პროტესტი თბილისში გადმოინაცვლებს - პირი ამ ეტაპზე 5 მოქალაქეს აქვს ამოკერილი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, ადგილობრივები 180-ე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. აქციის მონაწილეები შიმშილობას კვლავ აგრძლებენ. გარდა ამისა, ხუთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ამასთანავე, 11 სექტემბერს პროტესტი თბილისში გადაინაცვლებს. როგორც ადგილობრივები აანონსებენ, 11 სექტემბერს აქციას პარლამენტის წინ 19:00 საათზე გამართავენ.

ცნობისთვის, მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მიერ მადნის ღია კარიერული მოპოვების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასაფლაოები.

ისინი ითხოვენ, კომპანიამ შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც 2021 წლის შეთანხმებით აქვს აღებული. კერძოდ, პროტესტის მონაწილეები მაღაროების მუშაობის გაჩერებასა და კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე წლის 9 მაისს განაცხადა, რომ შუქრუთის მოსახლეობასა და მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. კომპანიის მტკიცებით, იმ პირების 99%-მა, ვინც „ჯორჯიან მანგანეზთან“ ხელშეკრულება გააფორმა, კომპენსაცია უკვე აიღო.

შეგახსენებთ, შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლის სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირებას ითხოვდა. პროტესტის შედეგად 2021 წელს კომპანიასა და შუქრუთელებს შორის შეთანხმება შედგა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა განესაზღვრა „ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობა და აღსრულების პირობები“. შუქრუთელები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს. საიას ცნობით, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.

მერი ტაბატაძე