საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა - „საქსტატი“

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

„2024 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიციამ კი - 451.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს.

2024 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი