„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო სანქციის ქვეშ,“ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი დოლარია გაყინული, რაც არაფერია სხვა, თუ არა „დე ფაქტო სანქცია“.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო სანქციის ქვეშ, მას 2 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული ევროპაში. ეს სხვა არაფერია თუ არა დე ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, ვერც ასეთი და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. აქ სასწორზე დგას მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არანაირი სანქციის და შანტაჟის ფონზე არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს ომს და ისეთი სცენარის განვითარებას, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - უკრაინაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.