გაერთიანებული სამეფო, იაპონია, მალტა - რომელია საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

„2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ტოპ-3 ქვეყნის გარდა, 2024 წლის მე2- კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ხვდებიან ასევე:

  • აზერბაიჯანი - 23.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 20.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 20.5 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 18.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 13.8 მლნ აშშ დოლარი;
  • ავსტრია - 12.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) – 11.6 მლნ აშშ დოლარი.

თაია არდოტელი