Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი 2027 წლისთვის შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს. ამის შესახებ ბრიტანულ ჯგუფ Informa Connect Academy-ის ანალიტიკოსების ანგარიშში წერია, რასაც The Guardian ავრცელებს.
მკვლევარების დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ მასკის სიმდიდრე ყოველწლიურად, საშუალოდ, 110%-ით იზრდებოდა. ამასთან, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ბიზნესმენი 251 მლრდ დოლარით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი უკვე არის.
Informa Connect Academy-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2028 წელს მეორე ტრილიონერი ინდურ კონგლომერატ Adan Group-ის დამფუძნებელი და მმართველი გაუტამ ადანი იქნება. Forbes USA-მ ის აზიის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, რომლის კაპიტალიც წელიწადში 123%-ით იზრდება.
ასევე, ოთხ წელიწადში თავიანთი ქონების ტრილიონ დოლარამდე გაზრდის შანსი Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯენსენ ჰუანგსა და ინდონეზიელ მაგნატ პრაჯოგო პანგესტუსაც აქვთ.
ფრანგ ბიზნესმენს, კომპანიათა ჯგუფ Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორ ბერნარ არნოს, ასევე, Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს ტრილიონერობისთვის შესაძლოა, ექვსი წელი დასჭირდეთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ