საფრანგეთში 18%-ით ნაკლებ ყურძნის მოსავალს პროგნოზირებენ

საფრანგეთში წელს ძლიერი წვიმების გამო ღვინის დასაყენებელი ყურძნის დანაკარგი, შარშანდელთან შედარებით, 18%-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგნოზირებს, რასაც Reuters ავრცელებს.

ახალი პროგნოზით, წლევანდელი წარმოება 39.3 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ თვეში უწყება 40-43 მლნ ჰექტოლიტრ მოსავალს პროგნოზირებდა. ყურძნის მოსავალი ყველაზე მეტად იურას, შარანტის, ლუარის და ბურგუნდიის რეგიონებში შემცირდება.

ძლიერმა წვიმებმა საფრანგეთში დაავადებების გავრცელება გამოიწვია. ბევრ მევენახეობაში მაღალი ტენიანობის გამო ყვავილები და ახალგაზრდა მტევნები ცვიოდა. განახლებული პროგნოზი ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე, ანუ 44.2 მლნ ჰექტოლიტრაზე 11%-ით არის შემცირებული.

ახალი პროგნოზის მიხედვით, შამპანში ყურძნის წარმოება, 2023 წელთან შედარებით, 16%-ით შემცირდება. მისი გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 15%-ზე მეტად უკვე შემცირდა. ასევე, შარანტაში, რომელიც ლანგედოკ-რუსილონის შემდეგ სიდიდით ღვინის მეორე მწარმოებელი რეგიონია, წარმოება, რეკორდულ 2023 წელთან შედარებით, 35%-ით დაიკლებს.

საფრანგეთში ღვინის წარმოება, უამინდობის გარდა, დაბალი მოხმარების გამოც იკლებს. კერძოდ, სუპერმარკეტების გაყიდვები 1-ლი იანვრიდან 11 აგვისტომდე 5%-ზე მეტად დაეცა. წითელი ღვინის გაყიდვები, 8,5%-ით, ხოლო ვარდისფერის, თითქმის, 6%-ით შემცირდა, მაშინ, როცა თეთრი ღვინის გაყიდვები პრაქტიკულად იმავე დონეზე დარჩა.

ღვინო, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, საფრანგეთის საექსპორტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სექტორი შიდა მოხმარების შემცირებას განიცდის, რამაც გავლენა მოახდინა ზოგიერთ მწარმოებელ რაიონზე, როგორიც, მაგალითად, ბორდოა. ამან ახლახან მევენახეების პროტესტი გამოიწვია.

ცნობისთვის, ივლისში ფრანგი მეღვინეები პროგნოზირებდნენ, რომ ქვეყანაში ყურძნის მოსავალი 10 ტ/ჰა-ს შეადგენს, რაც 2023 წლის 11,4 ტ/ჰა-ზე ნაკლებია. მეღვინეები მოსავლიანობის კლების მიზეზად ყურძნის ობს ასახელებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ