„სატრანზიტო გზად სახმელეთო მიმართულებას არ განიხილავენ“ - რა შეთავაზება აქვთ ჩინელ ავტოიმპორტიორებს

თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებიან.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ჩინელ პარტნიორებს ქართულ მხარესთან გარკვეული ბიზნეს შეთავაზება აქვთ, რომლის შესახებაც შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ჩინელი კოლეგები დაინტერესებული არიან როგორც საქართველოს შიდა ბაზრით, ასევე მეზობელი ქვეყნებით, ავტომობილების იმპორტითა და შემდეგ რეექსპორტით.

ამასთან, სატრანზიტო გზად სახმელეთო მიმართულებას არ განიხილავენ და მათთვის საინტერესოა საზღვაო გადაზიდვა ბათუმისა და ფოთის პორტის საშუალებით.

შეხვედრაზე ქართული და ჩინური მხარეები დეტალებზე ისაუბრებენ და პოზიციებს გაცვლიან.

მერი ტაბატაძე